ახალქალაქის მერია ადგილობრივ შემსრულებლებს, მუნიციპალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის თანხას არ უხდის

June 10, 2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლებისთვის და ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის, მუნიციპალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, თანხა არ გადაუხდია, – ამის შესახებ ინფორმაციას მერია, ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვაწვდის. 

“ადგილობრივ ღონისძიებებში ძირითადად მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დაქვემდებარებაში არსებული ანსამბლები მონაწილეობენ. მუნიციპალიტეტი სისტემატურად აფინანსებს მათ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე,” – ნათქვამია წერილში. 

გარდა ამისა, მერია გვწერს, რომ 2023 წლის, 4 სექტემბერს, ახალქალაქის დღესთან დაკავშირებით, 37 000 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმა ი/მ მარიამ მამისმედიშვილს, თანხაში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად “ღამის შოუს” ბენდის კონცერტიც იყო გათვალისწინებული. 

ამავე წელს, მერიამ თითქმის 100 000 ლარი დახარჯა საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „ალეგრო“, ანსამბლი „ჩვენებურები“ და ბენდი „რეზო და ბავშვები“ იღებდნენ მონაწილეობას. 

მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით, 2024 წელს, “ახალქალაქობა 2024”-ის ჩასატარებლად 45 000-ზე მეტი დახარჯა. ამ ღონისძიებაზე „ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4“ იღებდა მონაწილეობას. 

კონკრეტულად რამდენი გადაუხადეს მოწვეულ შემსრულებლებს? – უწყებაში არ აზუსტებენ. 

გარდა ახალქალაქისა, ადგილობრივ შემსრულებლებს, მუნიციპალურ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თანხას არ უხდიან ადიგენში:

როცა მუნიციპალიტეტი აორგანიზებს, გიწვევს და 0 ლარს გიხდის – ადგილობრივი შემსრულებლები მუნიციპალურ ღონისძიებებში

სამცხე-ჯავახეთის დანარჩენი რეგიონებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.