ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქის მერიის 2018-19 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, შესყიდვების პროცესში, ქონების მართვაში, ინვენტარიზაციის და მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები გამოიკვეთა — დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით ახალქალქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოკვეთილია საავტომობილო გზების შეკეთების, წყალმომარაგების , ინფრასტრუქტურის და რეაბილიტაციის სამუშაოებში არსებული ხარვეზები.
ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ახალქალაქის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ იზიარებს და ამბობს, რომ უწყების რეკომენდაციებს დაამუშავებენ და ეცდებიან 2021 წლის განმავლობაში გამოასწორონ. რაც შეეხება სასმელი წყლის მომარაგების საკითხებში აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებს, ახალქალაქის მერი ამბობს, რომ სასმელ წყალს ვარგისიანობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უტარდება.
“ჯერ ექსპერტიზას ვატარებთ შეიძლება თუ არა ამის დალევა და შემდეგ ვუშვებთ მოსახლეობასთან.”
აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამოვლინდა, რომ 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
“ერთი იყო სოფელ ვარევანის კლუბი. იქ გაკეთდა რემონტი, მაგრამ აღმოჩნდა რომ იატაკი დაზიანებული იყო და მაგიტომ არ გაიხსნა. ხარვეზებზე კომპანია ვალდებულია გამოასწოროს, თუ არ გამოასწორებს ჩვენ განცხადება მზად გვაქვს, რათა წარვადგინოთ სასამართლოში და ზარალის ანაზღაურება მოვითხოვოთ,” – ამბობს, უნანიანი.
გარდა ახალქალაქისა გასულ წელს აუდიტი იყო შესული ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშიც. როგორც უწყებაში გვეუბნებიან მუნიციპალიტეტების ანგარიშებს მალე გამოაქვეყნებენ.