ახალქალაქში ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა მძიმეა

January 20, 2021

ახალქალაქში მატარებლის და ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა, მეორე კი ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მისი მდგომარეობა მძიმეა, – ინფორმაციას კლინიკაში გვიდასტურებენ.

“მრავლობითი მოტეხილობებით და თავის ტრავმით მოთავსებულია ინტენსიურ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა არის შეფასებული, როგორც მძიმე მაგრამ სტაბილური ,” – გვეუბნებიან კლინიკაში.

მომხდარის შესახებ ფოტოს და ინფორმაციას Radio NOR ავრცელებს

რაც შეეხება გარდაცვლილს, ახალქალაქის კლინიკა ევექსის დირექტორი, ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და თბილისში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

“გუშინ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იყო და აუცილებელი იყო მისი გადაყვანა, რადგან აქ არ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რომ გვემკურნალა,” – გვეუბნება თოროიანი.

შსს-მ გამოძიება სსკ–ის 275 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Toktv.ge