ახალქალაქში, 300 000-ზე მეტი ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაუსრულებელია, 1 – უფუნქციო, – ამის შესახებ საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” ახალ დასკვნაში.
“აუდიტი” მუნიციპალიტეტში არაეფექტურად გახარჯული თანხების შესახებ საუბრობს, კერძოდ:
- სოფელ ტურცხში სპორტული მოედნის მოწყობისთვის 15 000-ზე მეტი ლარი დახარჯეს, თუმცა პროექტი არ დასრულებულა;
- ალათუმანში 25 000-მდე ლარიანი სპორტულ მოედანზე მოწყობილი არ არის მოედნის საფარი;
- ბარალეთში დაუსრულებელია სოფლის კლუბის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 100 000-ზე ემტი ლარი გამოიყო;
- პატარა სამსარში კი – 150 000-მდე ღირებულების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია არ დასრულებულა;
- ბოზალში კი სკოლის მოედნის სამუშაოები ბოლომდე არ მიუყვანიათ, რომლისთვისაც 9 000-მდე ლარი გამოიყო.
რაც შეეხება დასრულებულ, თუმცა უფუნქციო ობიექტს. “აუდიტის” მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში 2021-22 წლებში მოეწყო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი“, რომელიც მერიას 40 000-მდე ლარი დაუჯდა, თუმცა იგი ამ დრომდე არ გამოიყენება.
ამავე დასკვნის მიხედვით მიზეზი შემდეგია: “პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ობიექტი უფუნქციოა, რადგან მოსახლეობა იყენებს გარევაჭრობის მიმართულებას.”
რატომ არ გამოიყენება ბაზრის შენობა, გეგმავენ თუ არა და როდის იმ პროექტების დასრულებას, რომლებშიც აუდიტმა დარღვევები გამოავლინა? – ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან რომ მოიკითხავენ.
“აუდიტში” გვეუბნებიან, რომ ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ბორჯომის საქმიანობის ანგარიშები პროკურატურაში გადაგზავნეს.
დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პროკურატურაში მეორე დღეა გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.