საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში გარდაცვლილი მედდის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე “კლინიკა” იმედის სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.
“18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით გართულების დაწყებისთანავე, მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ორმა სამედიცინო პირმა. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ მედდისთვის ბრალდებულს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია , მეტიც იგი დაყოვნების ოთახში არ იმყოფებოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს ბრალდება სსკ-ს 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.
ჩვენ ვცდილობდით დავკავშირებოდით ერთ-ერთ ბრალდებულს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხის კლინიკა «იმედში» ახალგაზრდა მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო «ასტრაზენეკას»(შემდგომში „ვაქსზევრიად» წოდებული) ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და 19 მარტს გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია იყო თუ არა ექთნის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.