ახალციხეში, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე საკანალიზაციო მილი რამდენიმე თვეა დაზიანებულია

June 26, 2025

ახალციხეში, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე საკანალიზაციო მილი რამდენიმე თვეა დაზიანებულია. იგეგმება თუ არა და როდის პრობლემის მოგვარება? – გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან

ტექსტი:

ახალციხეში, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე, რამდენიმე თვეა, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, ტერიტორია ამოთხრილია, იტბორება და აქ მცხოვრებლების თქმით ანტისანიტარიას ქმნის.

როგორც ამ ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრები, გვეუბნება, იმის გამო, რომ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგებული არ იყო, წლების წინ მისმა ოჯახმა საკანალიზაციო მილი გაიყვანა, რომელზეც მხოლოდ 2 ოჯახი იყო დაერთებული, ახლა კი ამ მილით 15 ოჯახი სარგებლობს, რის გამოც მილი იჭედება, ხოლო ნარჩენები ქუჩაში და მის სარდაფში ჩაედინება. 

ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, თხრილიდან ნარჩენებს თითქმის ყოველდღიურად ტუმბავენ, თუმცა მათივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მილი მალევე დააერთონ ახალ საკანალიზაციო ქსელს, რომელიც ამ ქუჩაზე რამდენიმე თვეა მოაწყვეს.

ის, რომ ამ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლების განმავლობაში აქტიურად იყო ადასტურებს ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილიც. როგორც ის განმარტავს, უკვე დაწყებულია ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, თუმცა სამუშაოები ჯერ სრულად დასრულებული არ არის. მერის თქმით, დაახლოებით 2-3 კვირაში სამუშაოები დასრულდება და ზემოხსენებული მილი ახალ სისტემას შეუერთდება.

დავუკავშირდით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც. მათი ინფორმაციით, მოსახლეობის პრობლემა თვის ბოლომდე მოგვარდება.