ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განახლდა. “AztraZeneca”-ს ვაქცინით კლინიკა “ევექსში” აცრილია 10 მოქალაქე. ვაქცინაციის პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მედიას გადაღების საშუალება არ მიეცა. კლინიკის დირექტორის რევაზ კუჭუხიძეს თქმით, მიზეზი პერსონალური ინფორმაციის დაცვაა.
ერთ-ერთი ვაქცინირებული ქალაქ ვალეში მცხოვრები ავთანდილ კაკაჩიშვილია. მისი თქმით, ვაქცინაცია დიდი ხანია უნდოდა და ამისთვის შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართა. ის დღეს აიცრა და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.
დღეს ასევე აცრა ცოლ-ქმარი თენგიზ და დალი ლომიძეები ახალციხის სოფელ მუგარეთიდან.
ვაქცინაციისთვის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ “ლელოს” ახალციხის ოფისის თავმჯდომარე, ჯუმბერ ინასარიძე და “საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის” დირექტორი, ნუგზარ თათეშვილი. მათი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.
ვაქცინაციის სპეციალურ პლატფორმაზე ახალციხიდან 21 მსურველია რეგისტრირებული. დღეს მათგან 10 აიცრა. ამ ეტაპზე კლინიკაში 20 დოზა ვაქცინაა. დირექტორის, რევაზ კუჭუხიძეს თქმით, ვაქცინას კლინიკაში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ შეიტანენ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინა 14 მარტს შემოვიდა, თუმცა თითქმის ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 26 სამედიცინო პირი აიცრა. ახალციხის კლინიკა “იმედიდან” სადაც თავდაპირველად აცრა შესაძლებელი იყო, ვაქცინა 8 აპრილს გაიტანეს, ახალქალაქიდან კი – 12 აპრილს. ჯავახეთში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი ამპულა.
კლინიკა “იმედში” გვეუბნებიან, რომ სამინისტრო ამოწმებს კლინიკებს, რის შემდეგაც გადაწყდება განაახლებენ თუ არა ვაქცინაციას.