ახალციხეში 100 მდე პირი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, მათ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებლთან ჰქონდათ კონტაქტი. ფაქტს გვიდასტურებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც და ამბობენ, რომ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.
საქმე ეხება პირს, რომელმაც სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და ახალციხეში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მას კორონავირუსი დაკრძალვიდან 5 დღის შემდეგ დაუდასტურდა.
ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ახალციხეში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ფატი ხაბულიანს, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს.
ერთ-ერთი პირი, რომელიც გასვენებაზე იმყოფებოდა ამჟამად ბაკურიანის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. როგორც გვეუბნება მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
„გასვენების შემდეგ გავიდა 5-6 დღე, სიმპტომები არ გვაქვს საერთოდ არავის, ვნახოთ ტესტირების პასუხი რა იქნება. რაც შეეხება ინფიცირებულს იგი ბიზნესმენია და დედამისი რომ გარდაიცვალა ერევნიდან აქ ჩამოასვენა. საბაჟოზე ტესტირება ჩაუტარეს და ვირუსი არ დაუდასტურდა. ახალციხეში დაახლოებით ორი დღე იყო და წავიდა თბილიისში, სადაც დაუდასტურდა ვირუსი.“
მისივე თქმით, ტესტირების პასუხი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3306 შეადგენს, მათ შორის 1481 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილია.