ახალციხეში საბარგო სადგურის დასახლებაში და მიქუტიშვილის N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 2019 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა, ამ სამუშაოებისთვის მან 41 540 ლარი გამოყო, ხოლო კომპანიამ „გეო გრინი“ , რომელიც ერეთდერთი პრეტენდენტი იყო ,პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 37 800 ლარი მოსთხოვა. სატენდერო პროექტის მიღების დასრულებიდან ერთ დღეში, 05 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
„გეო-გრინისა“ და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება დათარიღებულია 05 აგვისტოთი, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 19 დღით ადრე. სატენდერო კომისიის აპარატის წევრის, ქეთევან ინასარიძის განცხადებით თარიღი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და დოკუმენტი დამოწმებულია ხელშეკრულების დადების ზუსტი თარიღით.
კომპანია „გეო-გრინი“ 2003 წელს დაარსდა. აქამდე ახალციხის მუნიციპალიტეტთან რამდენჯერმე ჰქონია ხელშეკრულება დადებული. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე პროექტია.
ავტორი:
მიხეილ დარბაიძე