ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხეში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 62 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 20 უკვე გამოჯანმრთელებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა.
“დღეს ერთ პირს დაუდასტურდა ვირუსი. იგი ინფიცირებულის კონტაქტია და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა,” – გვითხრა მიქელაძემ.
მისივე თქმით, რეგიონში არსებული რამდენიმე კოვიდინფიცირებული პირის დაავადების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვერსიები აქვთ.
ოფიციალური ინფორმაციით დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 292 გამოჯანმრთელდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 13 521-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 7 159 და გარდაცვლილია – 109.