ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ ახალციხის ქუჩების და სკვერის მოსართავად, ნაძვის ხის ასაწყობად, თოვლის პაპას, სანტა კლაუსის და სხვა ანიმაციური გმირების დასაქირავებლად 24 378 ლარის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტაციის შეტანა 07-დან 09 დეკემბრამდეა შესაძლებელი. კომპანიამ მუნიციპალიტეტისთვის უნდა განახორციელოს შემდეგი სახის სამუშაოები:
- თოვლის პაპას და სანტა კლაუსის ჰონორარი (8 პირი)
- მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული საახალწლო კონსტრუქციების, მანათობლების და სტრინგების შემოწმება და აღდგენა
- ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკებსა და სკვერებში დეკორაციულ ბოძებზე და ხეებზე სტრინგების მონტაჟი და ახალციხის პარკსა და ქუჩებში სხვადასხვა აქსესუარების დამონტაჟება.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა 2020 წლის 27 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს, ხოლო დემონტაჟის სამუშაოები – 16 იანვრიდან 2021 წლის 30 იანვრამდე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის შესახვედრად საახალწლო განათების შესაძენად და ტკბილეულისთვის ტენდერი 19 130 და 10 000 ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტკბილეულის ტენდერი ჩაიშალა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია გამოცხადდება თუ არა ხელახალი ტენდერი.