ახალციხის მერია წინასაახალწლოდ ნატოს, “ჭოხოების” და ბენდის მოწვევას 35 400 ლარად, კვლავ გეგმავს

December 11, 2025

ახალციხის მერია წინასაახალწლოდ ნატო გელაშვილის, “ჭოხოების” და ბენდის მოწვევას 35 400 ლარად, კვლავ გეგმავს, – მუნიციპალიტეტმა, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, შესყიდვის დასადასტურებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეორედ მიმართა. 

ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება და 1 საათზე მეტ ხანს გასტანს. 

დავუკავშირდით მომღერალ ნატო გელაშვილს, მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მასთან, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად იქნება 9 პირისგან შემდგარი ბენდი და თანხაც შესაბამისად 12 ადამიანზე გადანაწილდება. 

იმავეს გვეუბნებიან ახალციხის მერიაშიც (ბენდის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე მითითებული არ არის)

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას: “დამირეკეს მერიიდან და მითხრეს, რომ მთელი ახალციხე ელოდება თქვენს კონცერტს და ნუ გვათქმევინებთ უარსო. ამიტომ გადავწყვიტე რომ მივიღო მონაწილეობა,” – გვითხრაგელაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ჩვენ მასალა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებზე დაყრდნობით 8 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ. მას შემდეგ, რამდენიმე საათში მერიამ “მიმდინარე მოლაპარაკებების” მიზეზით შესყიდვა უკან გაიწვია, ხოლო 10 დეკემბერს შესყიდვისთვის განაცხადი კვლავ გააკეთეს.

ახალციხის მერიამ „ჭოხოების“ ჩამოყვანის შესყიდვაზე ნებართვის მოთხოვნა უკან გაითხოვა

ფოტო: FB – ჭოხოები