ახალციხის საკრებულომ რა (არ) ჰქნა – TI

October 28, 2025

2021 წლის მოწვევის ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა საქმიანობის 4 წელი დაასრულეს. 

როგორი იყო ეს ოთხი წელი? – დეპუტატების საქმიანობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა.  არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, 2021 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, საკრებულოში გამოვლინდა სავარაუდო კორუფციის შემთხვევები, სუსტი ზედამხედველობა, გაუარესდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. 

სავარაუდო კორუფციული შემთხვევები ახალციხის საკრებულოში – TI

კვლევაში მითითებულია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მუნიციპალური შესყიდვებიდან თითქმის 25 მილიონი ლარი მიიღეს. 

მაგალითად, კვლევის მიხედვით, ახალციხის ყოფილი მერის და შემდგომში უკვე საკრებულოს დეპუტატის ზაზა მიქელაძის, ნათესავმა, ლაშა თედორაძემ წელიწად ნახევარში  ახალციხის მერიისგან, შესყიდვებით 400 000-ზე მეტი ლარი მიიღო. კვლევის თანახმად, ის ამავდროულად ახალციხის საკრებულოს პრესსამსახურის და ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის სიძეა.

თედორაძის კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერი, რომელიც მისი კომპანიის დაფუძნებამდე 3 დღით ადრე გამოცხადდა. 

ანუ 2023 წლის, 3 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტმა საყუნეთის გზის რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. კომპანია კი 6 ოქტომბერს დაფუძნდა, ზემოხსენებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს იწყებოდა. 

ადასტურებს თუ არა კვლევაში მითითებულ მონაცემებს ლაშა თედორაძე? ჩვენ მასთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს.

ზედამხედველობა და საჯარო ინფორმაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კვლევაში მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში, საკრებულო სუსტ ან ფორმალურ ზედამხედველობას ახორციელებდა. 

ამავე კვლევის მიხედვით, “გამჭვირვალობის” მოტივით მიღებული კანონების  მხარდამჭერებმა მკვეთრად გააუარესეს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც.

მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერს, რომ უწყებამ საკრებულოს სხდომების ოქმები, 2024-2025 წლის ხარჯები, დეპუტატების მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. 

უფუნქციო ფრაქციები

ახალციხის საკრებულოში 3 ფრაქცია მუშაობდა, აქედან ორი ოპოზიციონერი დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა კვლევის მიხედვით, საკრებულომ მუშაობა ისე დაასრულა, რომ არცერთ ფრაქციას, არცერთი ინიციატივა არ წარუდგენია. ამის მიუხედავად, მხოლოდ ორ წელიწადში, ფრაქციებისთვის ბიუჯეტიდან 700 000-მდე ლარი გაწერა.

ჩვენ ვუკავშირდებოდით ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარეს, დავით ახალკაცს, რომელიც 2021 წელს, საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა და “ახალში” გადავიდა. ახალკაცი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

ასევე, ჩვენს ზარებს არ პასუხობს ფრაქცია “ახალციხე საქართველოსთვის” დეპუტატი, გახარიას პარტიიდან გიორგი გიორგაძე და არც “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, ბესიკ ბლიაძე. 

საკრებულოს ხარჯები

კვლევის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით, საკრებულოს ხარჯებმა, 2 300 000-მდე ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი, 2 000 000-ზე მეტი, ხელფასებში, დანამატებში და ჯილდოებში გაიწერა. 

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იგივე საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ ჯამში, თითქმის 200 000 ლარის ღირებულების, 67 000-მდე ლიტრი საწვავი გახარჯა, საიდანაც 20 000 ლიტრზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა.

პეტიცია 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევაში ასევე მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში, ახალციხის საკრებულოში მხოლოდ ორი პეტიცია შევიდა, ორივე მათ ეკუთვნოდათ. ერთი მათგანი, რომელიც “ჯაყელის ბაღის” რეაბილიტაციას ეხებოდა დააკმაყოფილეს და ბაღი უკვე აშენდა. ხოლო მეორე, რომელიც ახალციხეში შშმ პირებთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობდა არ დაარეგისტრირეს. საკრებულოს პოზიციით, „პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას“. 

თუმცა, აქვე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2025 წლის 9 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, საქართველოს საპატრიარქოს ააიპისთვის, უზუფრუქტის წესით, რუსთაველის 124-ში მდებარე 355 კვ.მ. ფართობის მქონე შენობის გადაცემას. 

ადასტურებს თუ არა კვლევაში მოყვანილ ფაქტებს და რა პოზიცია აქვს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ლომიძეს? – ჩვენ მასთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს. 

აქვე გეტყვით, რომ დავით ლომიძე, ახალი მოწვევის საკრებულოში არც თავმჯდომარე და არც დეპუტატი იქნება. არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში, “ქართულ ოცნებას” დავით ლომიძე არ შეუყვანია.