334 გაცდენილი სხდომა ორი წლის განმავლობაში; არასრულად შევსებული დეკლარაციები; 17 119 ლიტრზე მეტი გახარჯული საწვავი მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში – ახალციხის საკრებულოს მუშაობის კვლევას – TI აქვეყნებს.
“ფუნქცია დაკარგულია საკრებულო საერთოდ და დაკნინებულია საკრებულოს როლი,“ – ეს კომენტარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ,ახალციხის საკრებულოში, ნატო დარბაიძემ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს მიერ ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შეფასების პრეზენტაციაზე გააკეთა.
კვლევა 2017-2019 წლების ახალციხის საკრებულოს საქმიანობის მიმოხილვას მოიცავს და აღნიშნულია ისეთი მიგნებები, როგორებიცაა: სუსტი ზედამხედველობა და მონიტორინგი, დეპუტატების მიერ გაცდენილი საკრებულოს სხდომები, ფინანსური ხარჯები.
საკრებულოს სხდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კვლევის თანახმად ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ადამიანი დაესწრო. კვლევის ავტორი, თამუნა უჩიძე საკრებულოს მუშაობას ფორმალობას უწოდებს.
„ქართული ოცნების დეპუტატი“ თამარ გოგოლაძე წლებია მუნიციპალიტეტში აუდიტის შესვლას ითხოვს, თუმცა კვლევის თანახმად მისი მოთხოვნა საკრებულოს ოქმში ასახული არ არის.
„რაც გამიკვირდა დღეს ის იყო, რომ ოქმებში არ არის ის, რომ მე ვითხოვ აუდიტს, ოქმებში ჩემი თვალით წავიკითხე,“ – ამბობს გოგოლაძე.
ასევე, კვლევის მიხედვით დეპუტატებმა სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 არასაპატიო მიზეზით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ხარვეზები დააფიქსირა დეკლარაციებშიც. კვლევის თანახმად საკრებულოს 17 თანამშრომლიდან დეკლარაცია 5-ს არასწორად აქვს შევსებული, აქ თამუნა უჩიძე კორუფციულ ნარატივებს ხედავს
„დეკლარაციების ნაწილშიც არის პრობლემები, 17 თანამდებობის პირიდან ხუთს არასრულად აქვს დეკლარაცია შევსებული და ეს ცალსახად არის კორუფციის ნიშნების შემცველი და ამიტომ ვფიქრობ , რომ უნდა შეივსოს დეკლარაციები სრულყოფილად და სრულად.“
ძირითადად დეპუტატებს დეკლარაციაში არ აქვთ ასახული თავიანთ ან ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული ბიზნეს კომპანიები, ინდ მეწარმეები და კოოპერატივები.
კვლევის მიხედვით, საკრებულოს მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობასაც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ბოლომდე ჯამში 26 500 ზე მეტი ლიტრია, რომლის ღირებულებაც 57 600 ზე მეტია.
რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას იმავე პერიოდში ხელფასების სახით 1 131 500 ლარზე მეტი გაიცა, ხოლო პრემია დანამატების სახით – 51 500 ლარი.
ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, არუთუნ აგაბაბიანი, ამბარცუმ ბაბოიანი და ბესიკ გოგესაძე თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მოვიდნენ.
კვლევაში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარისგან პასუხის მიღების მიზნით მას მთელი დღის განმავლობაში ვუკავშირდებოდით, თუმცა სამუშაო საათებში ტელეფონი გამორთული ჰქონდა და არც სამსახურში იმყოფებოდა.
რაც შეეხება მის მოადგილეს, სოსო კაპანაძეს, მან გვიპასუხა სატელეფონო ზარზე, თუმცა არა კითხვაზე. გვითხრა , რომ ამ საკითხზე მოპასუხე თავმჯდომარეა.
ავტორი: მიშო დარბაიძე