ახალციხის საკრებულოს სხდომის მთავარი დეტალები – 27.03.25

March 27, 2025

ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტით თუ იმგზავრებთ და საფასურს არ გადაიხდით 20 ლარით დაჯარიმდებით, – აღნიშნული ახალციხის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, მონიტორინგის თანამშრომლები მგზავრების გადახდის ბარათებს, სპეციალური აპარატის საშუალებით შეამოწმებენ. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ამ პოზიციაზე თავდაპირველად 4-5 თანამშრომელია. 

როდიდან დაიწყება პროცესი? – მერი ზუსტ დროს ვერ გვეუბნება. 

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის, მათ შორის დაზიანებული და დაბინძურებული საპირფარეშოების, ახალციხის ა(ა)იპ “წყალმომარაგება და წყალარინების” სარგებლობაში გადაცემას. 

როგორც მერი განმარტავს, შედეგად მოაწესრიგებენ საპირფარეშოებსაც, რომლის შესახებაც ჩვენი რედაქცია წლების განმავლობაში არაერთ მასალას ამზადებდა. თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ამავე თემაზე:
ერთ საპირფარეშოში ანტისანიტარია, მეორე – დაკეტილი #ახალციხის_ტბა

ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა

როდის დასრულდება, რაბათის დასახლებაში, ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მოწყობა, რომელიც, უკვე წლებია დაზიანებულია, რის გამოც მოსახლეობას სასაფლაოსთან და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან მისასვლელად შემოვლითი გზის გავლა უწევთ? – კითხვა ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ოპოზიციური პარტიიდან, ნატო დარბაიძეს ეკუთვნის. 

მერი აცხადებს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და მართლმადიდებლურ აღდგომამდე ხიდზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.