რა მდგომარეობაა ახალციხის მაღაზიებში COVID 19-ით გამოწვეული რეგულაციის გამო ?- ამ კითხვით TOK TV ახალციხის მსხვილ სავაჭრო ობიექტებს დაუკავშირდა.
ვერმიშელი, მაკარონი, წიწიბურა, საპირფარეშოს ქაღალდი, ხელსახოცი – ახალციხელი მოსახლეობა მათ აქტიურად იმარაგებს.
სუპერმარკეტ „მაგნიტის“ მენეჯერი, შორენა ოთარაშვილი განმარტავს, რომ ახალციხეში პირბადეების დეფიციტის გამო , კონსულტანტებს პირბადეები არ უკეთიათ. ასევე ფასებზე და ხშირად მოთხოვნილ პროდუქტებზეც გვესაუბრება.
„დეზინფექცია ყოველ 15 წუთში მიმდინარეობს, ხელთათმანებიც გვაქვს. ფასები არ შეცვლილა, პირიქით ზოგი პროდუქტი აქციაში იაფად იყიდება. ჯერჯერობით დეფიციტი არაა არაფრის. ძირითადად მაკარონი, ვერმიშელი, ზეთი, საპირფარეშოს ქაღალდი და ხელსახოცებია მოთხოვნადი,- ამბობს ოთარაშვილი.
სუპერმარკეტ „სმარტის“ მენეჯერის, რუსუდან ოქრომელაძეს განმარტებით, მაღაზიაში მომხმარებლების რაოდენობა მომატებულია, ფასები კი უცვლელია.
„პირბადეებს, ხელთათმანებს და სადეზინფექციო ხსნარებს ვიყენებთ, ასევე დღეში რამდენჯერმე მიმდინარეობს დეზინფექცია. ფასები არ მომატებულა, არც რაიმე პროდუქტის დეფიციტია. დავკეტეთ კაფეტერია, მაგრამ მსურველს შეუძლია მომზადებული საკვები შეიძინოს და წაიღოს,“ – ჩვენთან საუბრისას განმარტა მენეჯერმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის 19 მარტის განკარგულებით ქვეყანაში 9 პროდუქტის ფასი არ გაეზრდება. ესენია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.