“ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ იქცევა,” – ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ კორპუსს “ქართული ოცნების” შემწირველები აშენებენ, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, კორპუსი რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში შენდება. 11 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ახალციხის მერიამ, იმ პირებს მისცა, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” 160 000 ლარი შესწირეს.
კერძოდ:
“ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „მაქსტერრას“ ეკუთვნის. ეს კომპანია მამუკა კუპრაძემ 2025 წლის 5 ივნისს დააფუძნა. მანვე სამი დღით ადრე, 2 ივნისს ბექა ჯაყელის 61გ-ში, 3 998 კვ.მ. მიწა იყიდა. ივლისში, მამუკა კუპრაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართადა მალევე მიიღო. ამის შემდეგ, 22 აგვისტოს, მან კომპანიის 60% წილი ცოლის ძმას, იმედა მუმლაძეს, 40% კი იაკობ კუბლაშვილს მიყიდა. 9 სექტემბერს, მამუკა კუპრაძემ უკვე იაკობ კუბლაშვილისა და იმედა მუმლაძის კუთვნილ შპს „მიქსტერრას“ ტბაზე არსებული ნაკვეთიც გადასცა (1 კვ.მ. ფართობი – 50 აშშ დოლარად).
იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. იაკობ კუბლაშვილმა 2023-2024 წლებში მმართველ პარტიას 120,000 ლარიშეწირა. ‘ქართული ოცნების” შემწირველია მისი მამაც, იური კუბლაშვილი, რომელმაც 2021 წელს 30,000 ლარი გაიღო. იური კუბლაშვილის კუთვნილმა შპს „ახალციხის შპალ-საჟღენთმა ქარხანამ“ 2012-2023 წლებში 36 მოგებული სახელმწიფო ტენდერით3,062,274 ლარი მიიღო. ძირითადი შემსყიდველი სატყეო სააგენტო იყო.
ახალციხის ტბა ქალაქის მთავარი დასავენებელი ადგილია, თუმცა რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს, რადგან მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გენერალური გეგმა დღემდე არ შექმნა. მიუხედავად ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხის ტბას რეკრეაციულ ზონას უწოდებს და მხოლოდ 2021 წელს, მისი რეაბილიტაციისთვის 2 მლნ-მდე ლარი დახარჯა.
2021 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მისი მერობის პერიოდში ქალაქს განაშენიანების გეგმა ექნებოდა. 2023 წელს, როცა გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო, მან თქვა, რომ „ერთ–ერთი ცუდი რაც შეიძლება იყოს, ეს არის უაზრო განაშენიანება საქართველოს მასშტაბით. კორპუსების და ეზოების სიმახინჯეები. ჩვენ მუდმივად ვართ იმ ბრძოლაში, რომ ქალაქის ცენტრში არ მივიღოთ მაღალი კორპუსები, რაც ერთხელ უკვე მივიღეთ“. ირაკლი ლაზარაშვილმა მერობის ვადის ამოწურვამდე, 2025 წელს, გენგეგმის შემუშავება ვერ მოასწრო, თუმცა მოასწრო რეკრეაციულ ზონაში, 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იმედა მუმლაძემ სახელმწიფოსგან ბენეფიტი მიიღო. 2020 წელს, მისმა კომპანიამ, შპს „ატლანტ ოილმა“ ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამდებობის პირთან, მამუკა მიქელაძესთან ერთად ქალაქის შესასვლელში ბენზინ გასამართი სადგური, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უნებართვოდ ააშენა. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა, მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის დააჯარიმეს, თუმცა, ქონების სააგენტომ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი, რაზეც უკვე შენობა ედგათ, აუქციონზე გამოიტანა და იმედა მუმლაძეს მიჰყიდა. ამჟამად, ეს კომპანია, მხოლოდ მას ეკუთვნის,” – ნათქვამია კვლევაში.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ და ვცდილობთ დავუკავშირდეთ კვლევაში მოყვანილ პირებს და ახალციხის მერიას – მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.