ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში არსებული სასმელი წყლის შადრევანი დაზიანდა. ანალოგიური შადრევანი დგას ქალაქის ცენტრალურ პარკში, თუმცა უკვე რვა თვეზე მეტია პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სასმელი წყლის შადრევანიც არ ფუნქციონირებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, ძეგლის მიმდებარედ არსებული დაზიანებული შადრევნის შესახებ ინფორმაცია აქვთ და პრობლემას უახლოეს დროში აღმოფხვრიან.
ეს ახალციხეში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის დაზიანების ერთეული შემთხვევა არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში დააზიანეს ხეები და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს.
რას აკეთებს მერია მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ? მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, მსგავსი შემთხვევის დროს თუ ვანდალიზმის ფაქტები იკვეთება, ისინი შსს-ს მიმართავენ შემდეგი რეაგირებისთვის, თუმცა სამომავლოდ ისინი სკოლებში ბავშვებთან მსგავს საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრებს გეგმავენ.