ბესიკ ამირანაშვილი რწმუნებულობიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე

July 15, 2025

სამცხე-ჯავახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, 40 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე, დაცული ტერიტორიების სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გახდა. პოზიციაზე ის დღეს, 15 ივლისს დაინიშნა. ახალი თანამდებობა ამირანაშვილმა მას შემდეგ დაიკავა, რაც მაისში რწმუნებულის პოსტიდან გადააყენეს და ზაალ გელაშვილით ჩაანაცვლეს.

ბესიკ ამირანაშვილმა ახალ თანამდებობაზე ბესიკ კუსიდი ჩაანაცვლა. იგი სააგენტოს დაახლოებით ერთი წელი ხელმძღვანელობდა. 

რა ნიშნით შეარჩიეს თანამდებობაზე ბესიკ ამირანაშვილი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მივმართოთ. (ჩვენ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ) ბესიკ ამირანაშილი კი- ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული 2018 წლიდან იყო. მანამ კი, შსს-ში, წლების განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 

ამირანაშვილის გუბერნატორობის დროს 2021 წელს, იმ დროინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე  49 წლით სარგებლობაში გადაეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, მათ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იცავს ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებს და რეკრეაციულ ზონებს. სააგენტოს ერთ-ერთი მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ეკოტურიზმის წახალისება.