ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დღეს, ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალციხის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს – ისინი გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძეს თქმით, ისინი გეგმავენ კიდევ ერთი სარჩელის მომზადებას, რომლის თანახმად 2 თვის აუღებელ ანაზღაურებას მოითხოვენ.
რაც შეეხება გათავისუფლების მიზეზს, გიორგი დიასამიძეს თქმით, გუშინ დათხოვნილ თანამშრომლებს გაუგზავნეს ახსნა-განმარტებითი ბარათები, რომელთა მიხედვით ისინი, ციტატა: “რეორგანიზაციაა და არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას, რადგან პირნათლად არ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. ეს პირები ათობით წელია ქარხანაში მუშაობდნენ და ახლა გაიგეს რომ ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას…”
პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვა გრძელდება. კომპანიას სარჩელთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
აქვე გეტყვით, რომ კომპანიის განცხადებით, საკონტროლო აქციების მფლობელი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი, საქართველოს მთავრობას 7,73 %-ს უსასყიდლოდ გადასცემს. იგივე დაადასტურა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი 31 მაისიდან გაფიცულია. მათ მოთხოვნებს შორის გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და ხელფასების 25%-იანი მატებაა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ბორჯომში აცხადებენ, რომ კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, იცვლება ხელშეკრულებები. საწარმოს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რუსი ოლიგარქი სანქცირებულთა სიაში მოხვდა.