ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ბორჯომის” თანამშრომლების 22 დღიანი გაფიცვა დასრულდა. მედიაციის პროცესი “IDS ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და “IDS ბორჯომი საქართველო” სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოეაწერეს.
შეთანხმების თანახმად, 50 გათავისუფლებულიდან კომპანია 48-ს სამსახურში აღადგენს. ორ თანამშრომელს – პროფკავშირის თავმჯდომარესა და მოადგილეს, სამსახურში აღდგენაზე უარი უთხრეს. ამავე წყაროს მიხედვით, დასაქმებულებს უკვე დაერიცხათ აპრილის თვის ხელფასი, მაისის ანაზღაურებას ორ დღეში ელიან. განახლებული ხელშეკრულება 6 თვიანი იქნება, ხოლო ვითარების დასტაბილურების შემდეგ, ხელშეკრულებები გადაიხედება.
შეგახსენებთ, რომ საწარმოს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რუსი ოლიგარქი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. მუშები 31 მაისიდან გაიფიცნენ. პროცესებში ჩაერთო მთავრობა, რის საფუძველზეც სახელმწიფო გახდა კომპანიის 7,73% წილის მფლობელი.