ბორჯომის კლინიკაში კოვიდტესტირებისთვის დღეში 300-400 ადამიანი მიდის – კლინიკის დირექტორი

August 12, 2021

ბორჯომის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” კორონავირუსზე ტესტირების მსურველი დღეში 300- დან 400-მდე ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე გვიდასტურებს. მისი თქმით, ტესტირებაზე სამი ჯგუფი მუშაობს.

სწორედ ტესტირებაზე მაღალი მიმართვიანობის გამო კლინიკის ეზოში კარავი განთავსდა, სადაც ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი. დირექტორის თქმით, მოსახლეობას რიგში დგომა უწევდა ეზოში, რის გამოც პროცესის გასაადვილებლად კარავი დადგეს.

“რიგში უწევდა დგომა მოსახლეობას ეზოში, ამიტომ პროცესის გასაადვილებლად დავდგით კარავი, სადაც ტესტირებაა შესაძლებელი. ვაკეთებთ როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტსაც,” – გვეუბნება დიასამიძე.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში სწრაფი ტესტის აღების მსურველს, სიმპტომების შემთხვევაში ტესტს უფასოდ უკეთებენ, ხოლო უსიმპტომოებისთვის 30 ლარია. რაც შეეხება PCR ტესტს მისი ღირებულება 75 ლარიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის 5 128 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 102 სამცხე-ჯავახეთშია.