ბორჯომში აქციაზე სამცხის დეპუტატი ჩავიდა
ბორჯომში, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომლებთან, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, გაფიცულებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაციის პრობლემაა და საჭიროა მოლაპარაკებები.
“ვფიქრობ, რომ აქ კომუნიკაციის პრობლემა არის და ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რამდენი აქვს ხელფასი დანამატები რა სისტემით ანგარიშდება, რომ ქონდეთ შესაბამისი მოლოდინები ხელფასებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ობოლაშვილმა.
ანტონ ობოლაშილი ამ წუთებში კომპანიაშია მოლაპარაკებებზე.
რაც შეეხება კომპანიას, გაფიცულებთან მოლაპარაკებებისთვის ამ დრომდე აქციის მონაწილეებთან არავინ მისულა, მეტიც დღეს უკვე ორივე ქარხანა დაკეტილია – ამის შესახებ ინფორმაცის ჩვენ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით მოთხოვნა უცვლელია. ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი არ დაიშლებიან.
“გუშინ კი განაცხადეს მოლაპარაკებებისთვის მზად ვართო, თუმცა ამ დრომდე ჩვენთან არავინ მოსულა. დაკეტილია ორივე ქარხანა და წასულები არიან. ჩვენ აქ ვიქნებით სანამ მოთხოვნები არ შესრულდება,’ – გვეუბნება დიასამიძე.
გუშინვე კომპანიამ, IDS ბორჯომი საქართველომ განცხადება გაავრცელა. მათი ოფიციალური პოზიცია შემდეგია: ხელფასების მატება თანამშრომლებს პოზიციების მიხედვით შესთავაზეს თუმცა ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
კომპანიაში თქვეს, რომ “მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.” დღეს კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.