ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის საკრებულოს, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა თანამდებობა და პარტია დატოვა, – ამის შესახებ მან წინამორბედების მსგავსად, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მიზეზიც საერთოა, თავისუფლად აზრის გამოთქმის სურვილი და კრიტიკა, ციტატა: “ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის” მიმართულებით.
“თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე,” – წერს მღებრიშვილი.
დამატებითი კითხვებისთვის ჩვენ საკუთრივ მღებრიშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან გვითხრა, რომ არ ეცალა და ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებდა.
დღესვე, იმავე მიზეზით და მოტივით, თანამდებობა დატოვა ასპინძის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც.
“ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს “ყურის აწევით” ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს,” – წერს, გია ჭელიშვილი.
იმ ფონზე, რომ საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში, როგორ აისახება პროცესზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების ეს გადაწყვეტილება რომ დატოვონ პარტია იმ მიზნით, რომ მათ თამამად ისაუბრონ ჩვენს დასავლელ პარტნორებზე გადაწყვეტილება – საკითხებზე ჩვენ რონდელის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობა და პარტია დატოვა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშილმაც. მისი განმარტებით, მან იმავე მოტივით დატოვა პარტია და თანამდებობა, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრებმაც.