გაზრდილი ურბანიზაციის ფონზე, გადაიხედება თუ არა მაღალმთიანი სოფლების ნუსხა?

November 6, 2025

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთის სოფლები იმაზე მეტ ადამიანს აქვს დატოვებული, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია. შესაბამისად, ობოლაშვილისვე თქმით, მოსახლეობა წუხს, რომ სოფლების ნაწილს არ აქვთ მაღალმთიანის სტატუსი, რადგან 2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებენ მიგრაციულ კომპონენტს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. 

ანტონ ობოლაშვილმა ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ისაუბრა და ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა 2025 წლის საყოველთაო აღწერისას პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რაოდენობა დაკორექტირდა და მოსახლეობის რეალურ მაჩვენებელთან გათანაბრდა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მოსახლეობის აღწერა, “ქალაქიდან სოფლად და სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის მოძრაობის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს.”  

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ურბანიზაციის მაჩვენებელი მაღალია, თუ 10 წლის წინ ქალაქში მცხოვრებთა წილი 59 % იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 64 %-მდეა გაზრდილი. 

საქართველოს მთავრობამ, მაღალმთიანი სოფლების ნუსხა 2015 წლის 30 დეკემბერს წარადგინა. ოფიციალური მონაცემებით, ეს სტატუსი 1 582 დასახლებას მიანიჭეს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში სტატუსი 201 სოფელს მიენიჭა. 

თუმცა ეს სტატუსი ყველა სოფელს და დასახლებას არ შეხებია, რადგან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გვერდზე არსებული მონაცემებით, გარდა დასახლების მინიმუმ 1 500 მეტრის სიმაღლეზე განლაგებისა, საჭიროა დასახლება აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები. 

ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ დასახლებების ნუსხა 10 წელი არ გადაიხედება. 10 წელი მიმდინარე წლის 30 დეკემბერს გადის. აპირებენ თუ არა სოფლების ნუსხის ჩამონათვლის გადახედვას და ქვეყნის მიგრაციული მაჩვენებლის მიხედვით სოფლებისთვის მაღთალ მთიანისტატუსის მინიჭებას? – ამის გასარკვევად ჩვენ რეგიონული განვითარების სამინისტროში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

უწყებიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაციაც – თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.