განათლების სამინისტრომ TOK TV-ს ადმინისტრაციული საჩივრები, საჯარო ინფორმაციის არ მიწოდების თაობაზე, არ განიხილა. უწყება გვწერს, რომ იგი “სასამართლოს განსჯადია”.
განათლების სამინისტროსგან აღნიშნული პასუხი დღეს მივიღეთ.
ჩვენ საჩივარი უწყებაში, IDFI-ს მხარდაჭერით, 8 ნოემბერს გავგზავნეთ.
ჩვენი რედაქცია სამინისტროდან ითხოვდა ახალციხის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის, რუსეთში სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტების და დმანისის მუნიციპალიტეტში ადრეულ ასაკში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას.
IDFI-ს იურისტი, ნიკა ბოლქვაძე გვეუბნება, რომ განათლების სამინისტროსგან მსგავსი ტიპის ტექსტები არახალია, რადგან უწყება ყველა საჩივარზე ერთსა და იგივე შაბლონს აგზავნის.
TOK TV IDFI-ს მხარდაჭერით დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს რედაქციას სასამართლოს მექანიზმის მოშველიება დასჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის.
გასულ წელს, კულტურის სამინისტროდან, ახალციხის სოფელ ივლიტას ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც უწყებას ვადების დარღვევის გამო სასამართლოში ვუჩივლეთ.
ასევე, მიმდინარე წელს, საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით საჩივარი გავაგზავნეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაშიც.
ამავე თემაზე: