“რაბათის უბნის” ყაზბეგის, გურამიშვილის და გოგებაშვილის ქუჩებზე გარე განათების ბოძების სამონტაჟო სამუშაოებისთვის თვითმმართველობამ ორი ტენდერი 31 იანვარს 319 480 ლარზე გამოაცხადა. განაცხადების მიღება გრძელდება 14-17 თებერვლის ჩათვლით.
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გარე განათების ახალი ქსელის მოწყობისათვის 100 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
კითხვაზე თუ რატომ არის ბიუჯეტსა და ტენდერებში გათვალისწინებულ თანხებს შორის ასეთი სხვაობა, მერიის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან ინასარიძემ TOK TV-სთან საუბრისას განმარტა, რომ თვითმმართველობიდან მოხდა მხოლოდ 5% თანხის გამოყოფა, დანარჩენი რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.
„რეგიონალური განვითარების ფონდიდან არის გამოყოფილი თანხის 95% . სახელმწიფოდან მოხდა სუბსიდირება და ადგილობრივი თვითმმართველობა თანხიდან მხოლოდ 5%-ს გამოყოფს,“- ქეთევან ინასარიძე.
ახალციხეში აბის უბნის დასახლებაში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისთვის განაცხადების მიღება 11 თებერვალს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა შპს „მარდიმ“ მიიღო, რომელმაც მერიას 142 141 ლარის ნაცვლად 96 543 ლარი შესთავაზა.
სრული სამონტაჟო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღეში უნდა დასრულდეს.
ამ თემაზე TOK TV გასულ წელსაც მუშაობდა, ნახეთ თემაზე მომზადებული რეპორტაჟი.