ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“დღეს, ე.წ “საქმიანი ეზო” ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩორჩანში გაიხსნა. სამცხე-ჯავახეთის სხვა რეგიონებში (ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში) სამუშაოები გრძელდება. საქართველოში ახალი ტყის კოდექსის მიხედვით საშეშე და სამასალე ხე-ტყეს სახელმწიფო დაამზადებს.
“საქმიანი ეზო” ჰქვია იმ ლოკაციებს, სადაც განთავსებული იქნება გადამუშავებული ხე-ტყე. ეროვნული სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ ეს მექანიზმი ადგილობრივ მოსახლეობას ხე-ტყის შეძენა-ტრანსპორტირებას გაუადვილდებს.
მოსახლეობის აზრი
ნუკრი კოჩალიძე ადიგენის სოფელ მოხეში ცხოვრობს. სოფელში გაზი არ აქვთ და ძირითადად გასათბობად ხე-ტყეს მოიხმარენ. კოჩალიძე გვეუბნება, რომ “საქმიანი ეზოების” ამუშავება სოფლის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, რადგან ამის საშუალებით ხე-ტყეს ისინი უფრო ძვირად შეიძენენ.
“თუ ბილეთს ავიღებდი და მექნებოდა შესაძლებლობა მე თვითონ მომეტანა ხე უფრო იაფი დამიჯდებოდა და უფრო კომფორტული იქნებოდა, რადგან ტყესთან ვცხოვრობ. 6 თვე ზამთარია ადიგენში და ამდენი შეშა როგორ უნდა ვიყიდოთ…” – გვეუბნება ადგილობრივი.
რამდენად მორგებულია “საქმიანი ეზო” მოსახლეობაზე
რამდენად გაუადვილებს “საქმიანი ეზო” მოსახლეობას ხე-ტყის შეძენას და რა ფასად ? ამ კითხვით ჩვენ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მოსახლეობას ექნება ალტერნატიული გზაც, ხე-ტყის მოსამარაგებლად.
“იქნება ძველი მეთოდიც და ახალიც, მოსახლეობას ექნება ალტერნატივა თუ უნდა ძველებურად შეიძენენ ხეს, თუ უნდათ “საქმიან ეზოში”. კანონი ამოქმედდება 2021 წლის იანვარში და მაშინ განისაზღვრება ფასებიც, თუმცა დიდი სხვაობა არ იქნება,” – გვეუბნებიან უწყებაში.
“სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში”. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში,” – აღნიშნულია განცხადებაში.
აგროგარემო TV “საქმიანი ეზოების” პროექტის შესახებ
“საქმიანი ეზოების” შესახებ მასალა აგროგარემო TV-მ მოამზადა: “ადამიანები, რომელიც შეშას ყიდულობენ მიმართავენ ხოლმე კერძო პირებს, რომლებიც თითოეულ რაიონში არაფორმალურად არიან ჩამოყალიბებულები და მათგან ყიდულობენ ხოლმე შეშას. საშუალო ფასი ერთი კუბამეტრი 90-200 ლარამდეა ხოლმე. ფასი, რომელიც “საქმიან ეზოებში” დამზადებულ შეშას ექნება არ იქნება იმაზე მაღალი, რასაც მომხმარებელი ისედაც იხდის,” – ამბობს ნათია იორდანიშვილი.
საქართველოში სულ 26 ე.წ “საქმიანი ეზო” წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს. ეზოები 2021 წლის იანვარში, “ტყის კოდექსის” ამოქმედების შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას.
საქართველოში სულ 26 ე.წ “საქმიანი ეზო” წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს.