ახალციხის საკრებულოს აპარატის ყოფილმა უფროსმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათვისუფლეს სასამართლო მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალურმა ორგანომ, პირი თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
ადვოკატის, თეა თედლიაშვილის განცხადებით, მოსამართლემ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნო, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხი არ დაადგინა.
საკრებულოში ამბობენ, რომ განჩინება ჯერ მათ არ მიუღიათ შესაბამისად საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
საკრებულოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 14 დღეში შეუძლია. თუ საკრებულო განაჩენს არ გაასაჩივრებს, აპარატის უფროსს სამსახურში აღადგენენ. ამ ეტაპზე აღნიშნულ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული.
საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების იურისტი, მარინა აბულაძე სამსახურიდან გასული წლის 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. ისინი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობდნენ და ამბობენ, რომ მათ განცხადებების დაწერა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოთხოვა.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების იურისტს, მარინა აბულაძეს, იგი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გახარიას პარტიაში საქართველოსთვის გაწევრიანდა და სიის პირველი ნომერი გახდა. იგი ახალციხის საკრებულოს დეპუტატია.