გზების თოვლისგან გაწმენდისთვის, 30 000 ლარი დახარჯა გასულ წელს, ახალციხის მერიამ

January 24, 2025

გასულ 2024 წელს, ახალციხის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდისთვის 30 000 ლარი დახარჯა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია მითითებული, რომელიც მერიამ კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მოგვაწოდა. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლიდან, სახელმწიფო შესყიდვით აღარ ყიდულობს თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს და მას მუნიციპალური ა(ა)იპი “ახალციხის სერვის ჯგუფი” ახორციელებს. 

ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 17 დეკემბერს, მას შემდეგ გამოვითხოვეთ, რაც ახალციხეში თოვლის გამო საავტომობილო გზები და ტროტუარები არ იწმინდებოდა და მოსახლეობის თქმით, გადაადგილების საფრთხეს ქმნიდა. (ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ )

ჩვენ მერიამ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხაზე აფორმებდა ხელშეკრულებებს გასულ წლებში, ტენდერის საშუალებით კომპანიებთან, რომლებსაც თოვლისგან გზების გაწმენდაც ევალებოდათ: 

  • 2019 წელი – ნახევარ მილიონზე მეტი ლარი;
  • 2020 წელი – ნახევარ მილიონზე მეტი ლარი;
  • 2021 წელი – 60 000 ლარი.

ფოტო: 17.12.2024