“გთხოვ, არ გაიპაროს” – რა სახის ინფორმაციის დამალვა დაავალა ჯანდაცვის სამინისტრომ NCDC-ის

May 12, 2023

საშვილოსნოს ყელის კიბოს, პაპილომა ვირუსის მონაცემები და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების კვლევა – ეს ის თემებია, რაზეც სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) საჯარო ინფორმაციის გაცემას უკრძალავს და რასაც ცენტრიც ემორჩილება. იურისტები თვლიან, რომ ეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულია. უწყებები დანაშაულის ჩადენას უარყოფენ.

  • რა მოხდა?
  • რას ამბობენ სტუდია ,,მონიტორში” ?
  • როგორია იურისტების შეფასება?
  • რას ამბობენ პროფესიულ წრეებში?

რა მოხდა?

სტუდია მონიტორმა 10 მაისს გაავრცელა ელექტრონული მიმოწერის ,,სქრინი”, რომლითაც დასტურდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გამოცემისთვის უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაციის მოწოდებას უკრძალავს.

“თამუნა, სტუდია მონიტორის წერილი ჩავარდებოდა თქვენთან, პაატას ან ტარიელის ხელმოწერით, სამინისტრომ დამირეკა რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს, გთხოვ არ გაიპაროს. -ნინო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პიარმა ნინო მამუკაშვილმა ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ – ადასტურებს თუ არაა გავრცელებული მიმოწერის ნამდვილობას , კავშირი გაწყვიტა. სტუდია მონიტორს ცნობით, გამოცემასთან საუბარში მამუკაშვილმა აღნიშნული მიმოწერა უარყო. თუმცა, JRC მიმოწერის ნამდვილობას სხვა დამოუკიდებელიო წყარო უდასტურებს.

ჩვენ კითხვით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსაც. სამინისტროს პიარის თქმით, მსგავსი მიმოწერის ნამდვილობა ეეჭვება, თუმცა დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებს და დაგვიკავშირდება, აღნიშნულიდან ერთი დღე უკვე გავიდა.

რას ამბობენ სტუდია მონიტორში?

“თავად ამ სამინისტროსთან[ჯანდაცვის], საიდანაც NCDC-ის პიარს დაურეკეს, დღეს სასამართლო დავაც კი გვაქვს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე”, – გვეუბნება სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო შუბითიძე. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით რთულია კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებიდან.

“დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ბოლო პერიოდში 2 წერილი გვქონდა გამოთხოვილი. აქედან ერთი ჰაერის კვლევას ეხებოდა, რამდენად დაბინძურებულია და რა სახის დაავადებებს იწვევს. მეორე, კი საშვილოსნოს ყელის კიბოს და პაპილომა ვირუსის მონაცემებს ეხებოდა. აქედან NCDC-იმ არც ერთ წერილზე პასუხი არ დაგვიბრუნა. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველა უწყებიდან გართულდა საჯარო ინფორმაციის მიღება. ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ” – ამბობს ჟურნალისტი.

როგორია იურისტების შეფასება?

წერილი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – თვლის ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” დირექტორი ნათია კაპანაძე. ის კერძოდ მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე მიუთითებს.

“გარდა მედიის უფლებისა მიიღოს საჯარო ინფორმაცია , ამის მიღმა არის საზოგადოების მოლოდინი, რომ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებით, უზრუნველყოფენ ადამიანების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია. კონკრეტული წერილის შინაარსით ცხადია, რომ ხდება განგებ კანონის საწინააღმდეგოდ ხელშეშლა ჟურნალისტებისათვის, რომ მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, რისი უფლებაც კანონით აქვთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნათლად არის გამოხატული როგორ ხდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მითუმეტეს საუბარი არის კონკრეტული დირექტივის მიცემაზე, რომ არ გაჟონოს ინფორმაციამ. ” – გვეუბნება ნათია კაპანაძე მედიაომბუდსმენის დირექტორი.

როგორია პროფესიული წრეების გამოხმაურება?

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაციის არათუ სიმცირეზე, არამედ, ფაქტობრივად, არ არსებობაზე, რაც ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული ფაქტებიც. “

“წინა წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა და 58% გახდა, რაც „2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია“. – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ 2022 წლის ანგარიშში წერია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი ფიქსირდება ინფორმაციის დროულად მიწოდების მაჩვენებელი 35 % და სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 33%.