„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს, – ინფორმაციას “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური” ავრცელებს და ამბობს, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილი, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
გიორგი ბაჩიაშვილს, სასამართლომ დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას დიდი ოდენობის თანხის მითვისებად და ფულის გათეთრებას ედავებიან.
მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა, მის წინააღმდეგ აღძრეს კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.
.