დააკავეს პირი, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. თუმცა ეს განცხადება განსხვავებულია იმით, რომ საგამოძიებო ორგანოს დაკავებულის ინიციალები არ გაუმხელია.
განცხადების მიხედვით, 2022-2024 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაკავებულთან შეთანხმებით საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით საქართველოში ავტომანქანებში მოწყობილი სამალავებით გზავნიდნენ „დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოურ ვალუტას“. ეს თანხა კი დაკავებულის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელი დაწესებულებიდან ხვდებოდა ლეგალურ მიმოქცევაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ამ გზით შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკში მიიტანა, „ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები“:
„ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.