დაბა აბასთუმანში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ლოკაციაზე, ღამით ქუჩის განათების ლამპიონების ნაწილი არ მუშაობს.
ვიდეოში, რომელიც გუშინ ღამითაა გადაღებული, ჩანს, რომ ტერიტორია სრულად ჩაბნელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ლამპიონების ბოძები დგას, განათება არ ფუნქციონირებს.
მიზეზების გასარკვევად ადიგენის მერიას მივმართეთ. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ქუჩის განათების ახალი ქსელის მოწყობა, რის გამოც სხვადასხვა უბანში ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად წყდება.
რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადებსა და ელექტროენერგიის სრულად აღდგენას — მერიაში კონკრეტულ თარიღს ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.