დაბა ადიგენს და კიდევ 7 სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება – მერია 

February 26, 2025

ძლიერი თოვის და უამინდობის გამო, დაბა ადიგენს და კიდევ 7 სოფელს (დერცელი, კიკიბო, გორგული, ლელოვანი, ამხერი, იჯარეთი, იმერთუბანი) ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვთ, – ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 

დიდთოვლობამ ადიგენის მუნიციპალიტეტშიც შექმნა გადაადგილების პრობლემა. ადიგენის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, “იწმინდება დაბა ადიგენის, ფხეროს, ჭეჭლის, ბოლაჯურის, ჩორჩანის, ზანავის, გორგულის, დერცელისა და ზედუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების  გზები და პრობლემური მონაკვეთები.”

მერიის მიერ გავრცელებულ პოსტში მიუთითებენ, რომ უამინდობას მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერება არ გამოუწვევია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერი თოვა 27 თებერვლამდე გაგრძელდება.