ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ, 10 სექტემბრით დათარიღებული ტენდერის თანახმად, დაბა ადიგენში საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა იგეგმება. მერია ამ სამუშაოებისთვის 17 796 ლარის გამოყოფას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის დამონტაჟდება საბავშვო გასართობი სასრიალო ატრაქციონი; საქანელა და ე.წ. აიწონა-დაიწონა. ასევე, დაიგება ბეტონის საფუძველი და კაუჩუკის საფარი.
საბავშვო მოედნის დამონტაჟების ლოკაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. „როგორც კი ხელშეკრულების გასაფორმებლად დავიბარებთ კომპანიას, მივაწოდებთ ინფორმაციას თუ ტერიტორიულად სად მოეწყობა იგი“- განმარტა TOK TV-სთან საუბრისას სატენდერო კომისიის წევრმა.
საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობის მსურველმა კომპანიამ პროექტის დოკუმენტაცია 23 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში დაასრულოს.