კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო სამცხე-ჯავახეთში, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის ივლისამდე პერიოდში, 9 400-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა 714 ათასი ლარით. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას შსს-დან გვაწვდიან.
უწყების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში კარანტინის წესი 688 ადამიანმა და 3-მა იურიდიულმა პირმა დაარღვია. პირბადის ტარების წესი კი – 8 693-მა ადამიანმა და 3-მა იურიდიულმა პირმა.
ჩვენ საჯარო ინფორმაცია 24 ივნისს გამოვითხოვეთ და კანონით დადგენილი ვადის თანახმად მაქსიმუმ 8 ივლისს უნდა მიგვეღო, თუმცა უწყებამ მონაცემები გუშინ 14 სამუშაო დღიანი დაგვიანებით მოგვაწოდა.
უფრო მეტიც, უწყებამ კითხვების ნაწილი საერთოდ უპასუხოდ დატოვა. მაგალითად ჩვენ ვერ გავიგეთ, თუ რამდენმა გადაიხადა ჯარიმა და რა რაოდენობის თანხა შეადგინა გადახდილმა ჯარიმებმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით აღნიშნულ დარღვევებზე დაწესებული სანქციები გაუქმდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის 10-ე ნაწილის მიხედვით იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.
ხოლო, იმავე კოდექსის, იმავე მუხლის 11-ე ნაწილის მიხედვით, პირბადის ტარების წესის დამრღვევი ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 40 ლარით ჯარიმდებოდა.
ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში 500 და განმეორების დროს 1 000 ლარით ჯარიმდებოდა.