გიყვებით დაზიანებულ საავტომობილო გზაზე, რომელსაც ახალციხის ციხემდე მივყავართ
ტექსტი:
ეს ახალციხის, იგივე რაბათის ციხეა, რომელიც 14-ე წელია ახალციხის სავიზიტო ბარათად გადაიქცა და რომლის მონახულებასაც, განახლებული ტარიფებით, საქართველოს მოქალაქე 10, ხოლო უცხოელი 20 ლარად შეძლებს. თუმც ამ რეპორტაჟში გიყვებით დაზიანებულ საავტომობილო გზაზე, რომელსაც ამ ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლამდე მივყავართ.
ახალციხის ციხემდე სანამ მიხვალთ ამ ხიდის ქვეშ უნდა გაიაროთ, და რაბათის დასახლებაში მოხვდებით. ხიდთან დაზიანებული საავტომობილო გზა რამდენიმე წელია ასეთ მდგომარეობაშია. აქვეა ორმო, რომელსაც თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ორმოს მსგავსად, პერიოდულად მცირე ნაგავშემკრების დანიშნულებაც აქვს.
თაბუკაშვილის ქუჩის გზა და გზაზე ორმო, რეაბილიტაციის მოლოდინში
“რაბათის” ციხემდე მისასვლელ საავტომობილო გზას დაზიანებები გასდევს თითქმის მთელ მონაკვეთზე, აქ ნახავთ დაბზარულ ასფალტს, ორმოებს, დაზიანებულ ტროტუარებს და მანქანის საბურავს, საკანალიზაციო ჭის სახურავის დანიშნულებით.
გარდა ამისა, ახალციხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ დაზიანებულია გარე განათების ლამპიონები. ღამით ტერიტორია ასე გამოიყურება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ტურისტები ფანრებით გადაადგილდებიან. მათივე ინფორმაციით, ლამპიონებს პერიოდულად აკეთებენ, თუმცა კვლავ ზიანდება.
იგეგმება თუ არა, როდის და რა ფასად საავტომობილო გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? – კითხვებით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის ციხეს, გასულ 2024 წელს 127 978 ვიზიტორი ესტუმრა. აქედან: საქართველოს მოქალაქე: 70 602 ვიზიტორი იყო, ხოლო უცხოელი: 57 376.