ახალციხის სოფელ საყუნეთში მისასვლელი ხიდის საავტომობილო და საფეხმავლო სავალი ნაწილი და მოაჯირები დაზიანებულია
იგეგმება თუ არა ხიდის რეაბილიტაცია და როდის? – გაიგეთ სიუჟეტიდან
ტექსტი:
ეს ხიდი უნდა გადაიაროთ თუ საყუნეთში მისვლა მოგინდებათ. სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 900 მეტრზეა განლაგებული და ოფიციალური მონაცემებით 500-მდე მოსახლე ცხოვრობს.
აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მდინარე მტკვარზე გადებული ხიდი, უკვე წლებია დაზიანებულია. განსაკუთრებით კი – საფეხმავლო ნაწილი.


როგორც კადრებში ხედავთ, ტროტუარები ამონგრეულია, დაზიანებულია საავტომობილო გზა და ხიდის მოაჯირის ნაწილი.


დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ როგორც საყუნეთის, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა ხიდების საპროექტო დოკუმენტები შეძენილი აქვთ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაციაც იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის და რა ფასად არ აზუსტებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ახალციხის მერიამ სოფელ ივლიტაში ორი და სხვილისში 1 ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 1 400 000-მდე ლარზე გამოაცხადა, კონკურსში მონაწილე სამი პრეტენდენტიდან ყველაზე მცირე თანხა, 1 150 000-ზე მეტი ლარი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.
კომპანიას 3 ხიდის რეაბილიტაციისთვის ვადა 2026 წლის 16 აპრილამდე აქვს.