ახალციხეში, თამარაშვილის 6 ნომერში არსებული კორპუსის სარდაფში რომ მოხვდეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მაღალყელიანი ბოტების ჩაცმა და ნიღბის გაკეთება
მიუხედავად იმისა, რომ კორპუსში სარდაფი დაზიანებულია, ახალციხის მერია არა საკანალიზაციო სისტემას, არამედ გარე ფასადს და სადარბაზოებს არემონტებს
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ახალციხეში, თამარაშვილის 6 ნომერში არსებული კორპუსის სარდაფში რომ მოხვდეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მაღალყელიანი ბოტების ჩაცმა, რადგან სარდაფში საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია და წყალია დაგუბებული. აქვე, არ უნდა დაგავიწყეთ ნიღბის გაკეთება, რადგან როგორც სარდაფში, ასევე სადარბაზოებში კანალიზაციის სუნი დგას.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კორპუსში სარდაფი დაზიანებულია, ახალციხის მერია არა საკანალიზაციო სისტემას, არამედ გარე ფასადს და სადარბაზოებს არემონტებს.
აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ათობით წელია ითხოვენ, მათ შორის განცხადებით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიასაც, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს.
აქვთ თუ არა ინფორმაცია ახალციხის მერიაში კორპუსში არსებული ვითარების შესახებ, აპირებენ თუ არა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას და ადასტურებენ თუ არა მათთან შეტანილ განცხადებას? – ახალციხის მერიიდან ვიდეო კომენტარი ვერ მივიღეთ, თუმცა გვითხრეს, ციტატა: “მოსახლეობის მზაობა თუ იქნება ერთობლივად გააკეთებენ.” დამატებითი დეტალებისთვის “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” გადაგვამისამართეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელმა, გია გოგოლაურმა ჩვენი კითხვებს არ უპასუხა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის მუხლში 400 000 ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტის მიხედვით, თანხა სრულად წყლის სისტემის მოწესრიგებას მოხმარდება.
რაც შეეხება კორპუსის რეაბილიტაციას. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოებს შპს “ნიუ პროჯეკტი” 200 000-ზე მეტ ლარად ასრულებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის 22 მარტის ჩათვლით უნდა დასრულდეს.