ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
დაზიანებული სახლები, საქონლის სადომები, ავტომობილები – მეწყრის შედეგები ადიგენის სოფელ გომაროში – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს სირაძეების საცხოვრებელი სახლია. ადიგენის სოფელ გომაროში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ის ყველაზე ძლიერ დაზიანდა. ოჯახის წევრები და მეზობლები მეწყერს გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ, რაც არც თუ ისე ბევრია.
სახლს გამოეცალა საძირკვლის ნაწილი, დაზიანებული აქვს საყრდენი კედლები, იატაკი. ტექნიკა და ავეჯი კი სრულად გამოუსადეგარი გახდა.
მეწყერი გომაროში გუშინ ჩამოწვა, ძლიერის წყლის ნაკადმა დასახლებულ პუნქტში დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა. მეწყერმა ნაგებობებთან ერთად დააზიანა ვატომობილებიც, დახოცილია პირუტყვი და ფრინველები.
“ჩვილი ბავშვით ტყეში, ხის ძირში ვიმალებოდით,” – მეწყერი გომაროში
აქ წესით ეზოს კარი უნდა ყოფილიყო, როგორც კადრებში ხედავთ გუშინდელმა მეწყერმა იგი სრულად დაფარა და ახლა მხოლოდ კარის მცირე ნაწილი ჩანს. გვეუბნებიან, რომ კარების სიმაღლე დაახლოებით 1,5 მეტრია.
დაზიანებულია შამანაძეების სახლი, ეზო და სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყრულ ზონაში 15 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა დასახლება სრულად დაცლილია და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.
კონკრეტულად რამდენი ოჯახი გადაიყვანეს და უზრუნვეყოფენ თუ არა ალტერნატიულ საცოხვრებელს? – ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ჩვენი რედაქცია მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ადიგენის მერი ჩვენს ზარებს და კითხვებს არ პასუხობს, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში კი ინფორმაციის დაზუსტებას გვპრიდებიან და არ ასრულებენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კი მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, რომ გაცემული აქვთ განკარგულება შესაბამისი სამსახურისთვის, რომ მოიძონ ბინები მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიშში ადიგენის მუნიციპალიტეტში სავარაუდო მეწყრული ზონებია ჩამოთვლილი. მათ შორის არც გომაროა და არც შოყა, რომელშიც ასევე გუშინ განვითარდა მეწყერი.
დავუკავშირდით აღნიშნულ სააგენტოსაც. მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გეოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს და დასკვნას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნიან. როდის იქნება დასკვნა ხელმისაწვდომი? – უწყებაში თარიღს ვერ ასახელებენ.
გომარო ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მაღალმთიანის სტატუსის მქონე სოფელში ოფიციალური მონაცემებით 406 მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრიოვები გვეუბნებიან, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მათ არ ახსოვთ.