“1-ელ საათზე უშვებენ ბავშვებს ბაღიდან, იმის გამო რომ ოცნებას ბაღის აღმზრდელები ბიძოსთან შესახვედრად მიჰყავს,” – რამდენად მიჰყავთ ბაღების თანამშრომლები და მასწავლებლები წალკიდან რუსთავში, “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებაზე დასასწრებად? – ეს კითხვა ჩვენ მის შემდეგ გაგვიჩნდა, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მონაწილემ დაწერა, რომ ღონისძიების გამო ბავშვებს ბაღიდან 1-ელ საათზე უშვებენ.
“სხვა ვერავინ ნახეს და მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს კრიფავენ სოფელ სოფელ, სირცხვილია,” – წერენ სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიულ ღონისძიებას “ქართული ოცნება” დღეს ქალაქ რუსთავში მართავს, არსებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით, სავარაუდოდ ამჯერადაც ბრონირებული შუშის მიღმა, გამოვა პარტიის დამფუძნებელი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი? – კითხვით ჩვენ წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით წალკის მერის მოადგილეს, ანზორ ხრიკაძეს, რომელმაც კითხვის დასმა არ დაგვაცადა, თქვა რომ დღეს სამსახურში არ იყო და ტელეფონი გათიშა.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.
აქვე გეტყვით, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიებაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, დაქირავებული ტრანსპორტით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან ხალხი მობილიზებულად ჩამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები და საჯარო მოხელეები.
Შორს მედიისგან – “ოცნების” პარტიული კონცერტი ახალციხეში
ფოტო: “ქართული ოცნების” ღონისძიება ახალციხეში