უკვე მეთორმეტე კვირაა, რაც 31 წლის თორნიკე დალაქიშვილს უშედეგოდ ეძებენ.
“ბოლო ინფორმაცია გვაქვს ის, რომ ნინოწმინდის ტყეში და გარშემო წყალსაცავებში სამძებრო სამუშოები არის დასრულებული, რადგან იქ ვეღარ ნახეს ვერანაირი კვალი. შემოწმდა წყალსაცავებიც, მყვინთავების და სპეციალური მოწყობილობების მიერ და იქაც ვერ ნახეს ვერანაირი კვალი.”- განგვიცხადა დაკარგულის დამ თეკლა დალაქიშვილმა.
თორნიკე ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 აპრილს დაიკარგა. დის ინფორმაციით ის წალკაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შემდეგ , ფარავნის ტბასთან ახლოს , ნაპოვნია მისი ნივთები.
შსს-ში TOK TV -ს დაუდასტურეს, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს გამოქვეყნდა საქართველოში გასულ წელს უგზო – უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკა, რომლის თანახმად 2023 წელს 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილი იყო. 60 პირი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ამ სტატისტიკაში, ცხადია, ჯერ არ არის შესული თორნიკე დალაქიშვილის და ასევე სხვა დაკარგული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც ჩვენი რედაქცია 2024 წელს გიყვებოდათ.
შარშან ქვემო ქართლში 6 პირი დაიკარგა, მათგან 4 იპოვეს, სამცხე-ჯავახეთში კი 2 პირი დაიკარგა და ორივე მოიძებნა.
ავტორი: თეკლა ივანეიშვილი
_______________________
სტატია ჩასწორებულია. პირვანდელი ფორმულირებით წინადადება იყო შემდეგი: “შსს-ში TOK TV -ს კვლავ დაუდასტურეს, რომ ჯერჯერობით სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ მიმდინარეობს”.