აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრების პროტესტმა, რომლებიც საცხოვრებელ ბინებში შესვლას ვერ ახერხებენ, თბილისში გადაინაცვლა – როგორც ისინი აცხადებენ, ობსერვატორიის მიმდებარედ, ბინებში, სადაც მათი მშობლები(ყოფილი თანამშრომლები) ცხოვრობდნენ შესვლას ვერ ახერხებენ და ამაში ობსერვატორიის დირექტორს, რევაზ ჭანიაშვილს ადანაშაულებენ.
როგორც პირები მედიასთან საუბრობენ, დირექტორმა 10 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რისი მიხედვითაც ყანობოლის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებში შესვლა შეეზღუდათ.
აღნიშნულს უარყოფს საკუთრივ დირექტორი და პროტესტს პროვოკაციად აფასებს, ხოლო სახლებში შესვლის შეზღუდვის მიზეზად მშენებლობას ასახელებს.
“პროვოკაციას აწყობენ და უნდათ ბინების დაკანონება. აქ მშენებლობა მიდის და ვინც მუდმივად არ ცხოვრობს და თბილისიდან უწევთ სიარული მათთვისაც კი შევზღუდეთ შესვლა, რადგან რისკები არსებობს. თუ პრობლემა აქვთ მიმართონ სასამართლოს ან წარმოადგინონ საკუთრების დოკუმენტი,” – გვეუბნება დირექტორი, რევაზ ჭანიაშვილი.
ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლების შვილებმა თავდაპირველად აქცია აბასთუმანში გამართეს, შემდეგ კი თბილისში, ჭადრაკის სასახლესთან, სადაც დღეს რევაზ ჭანაშვილი უნდა მისულიყო.
თავდაპირველად ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.