უკვე მეორე წელია, ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება.
დღეს, სამცხე-ჯავახეთის მედიები სხდომაზე არ შეგვიშვეს
რა მოხდა? – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
უკვე მეორე წელია, ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. მუნიციპალური ორგანო სხდომის შესახებ მედიას არ ატყობინებს და არც ოფიციალურად აანონსებს.
მიუხედავად მიდგომისა, სამცხე-ჯავახეთის მედიების ნაწილმა სხდომის შესახებ ინფორმაცია მაინც გავარკვიეთ. ჩვენი ცნობით, დღეს სხდომა 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შესაბამისად ჩვენ და “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები ამ დროს უკვე ადგილზე ვიმყოფებოდით, თუმცა დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ სხდომა 12:00-ზე დაიწყო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დავალებით, მასზე არ შეგვიშვეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულს უარყოფენ.
რატომ არ შეუშვეს მედია სხდომაზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გასულ წლებში განსხვავებული პრაქტიკა იყო? – კითხვა ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დავუსვით.
მისი თქმით, არ აქვს ვალდებულება ყველა სამუშაო შეხვედრის შესახებ მედიას შეატყობინოს – დამატებითი კითხვების თავიდან არიდების მიზნით, ლაზარაშვილი, ადმინისტრაციული შენობის გვერდით არსებულ, ყოფილ საბავშვო ბაღის ეზოში შევიდა.
რა საკითხები განიხილეს საბჭოს სხდომაზე და როგორია წევრების დამოკიდებულება შეხვედრაზე მედიის არდაშვების შესახებ? – ჩვენ ეს კითხვა საბჭოს წევრების ნაწილს დავუსვით.
თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მერის სხდომების საჯაროობის შესახებ კანონში ხაზგასმით მითითებული არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი საქმიანობა უნდა ემყარებოდეს საჯაროობას და გამჭვირვალობას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის ოფისის კოორდინატორი, თამუნა უჩიძე ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზეც აკეთებს აქცენტს.
ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თავდაპირველად 27 წევრისგან შედგებოდა, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გამჭვირვალობის მოტივით, “რუსული კანონის” მიღებას მხარი დაუჭირა, საბჭო აქტივისტებმა ჯაბა ნათენაძემ და ალექსანდრე ლომსაძემ და “მესხეთის თეატრის” მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვეს.
როგორც საბჭოს წევრები სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გვეუბნებიან, საუბრები ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო.