დეპუტატის საწვავი უკეთ იწვის – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა

February 5, 2020

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 9 წლის განმვლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. შპს „მეეკთან“ ,შპს „ეს ჯი გაზთან“ და შპს „ახალგაზთან“ ჯამში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის  665 გამარტივებული წესით. კვლევის ავტორია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„დაახლოებით 2011-12 წლებში სულ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში საწვავის შესყიდვაზე და მას შემდეგ ამ დრომდე რეალურად პირდაპირი შესყიდვით აფორმებენ საწვავზე ხელშეკრულებებს საბიუჯეტო ორგანიზაციები და ყველა კომპანიას, რომელიც არის მკოიანის ოჯახის სახელმწიფო შესყიდვა აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან. ჯამში 2 300 000 ლარზე მეტი.“

ამავე კვლევის თანახმად, ენზელ მკოიანი პარლამენტში შევიდა 1999 წლის 20 ნოემბერს და ზუსტად ერთ თვეში მისმა ძმამ და ბიძამ შპს „მეეკი“ დააფუძნა. კონკრეტულად „მეეკთან“ სულ 502 სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული. ამ კომპანიასთან 10-დან ათივე პირდაპირი შესყიდვა აქვს გაფორმებული ააიპ „ნინოწმინდის საზ. ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“.

„ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს“ 28 შესყიდვიდან – 27 ასევე სპს „მეეკთან“ აქვს გაფორმებული. მხოლოდ „მეეკისგან“ ყიდულობს საწვავს დეპუტატის ბიუროც. ჩვენ ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა.

„2014 წლიდან დაიწყო ახალქალქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის ბიურომ ხელშეკრულების გაფორმება “მეეკთან” და 4 წელიწადში ჯამში დაახლოებით  80 000 ლარამდე გადაურიცხა მკოიანის ბიურომ მკოიანის კომპანიას. და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ რეალურად მკოიანი თვითონ აფორმებს პირდაპირ შესყიდვებზე ხელშეკრულებებს საკუთარ ბიძასთან (სახელს ამბობს) და ჯამში 49 000 ლარ გადაურიცხა მან საკუთარ ბიძას.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომჯავახეთში მკოიანების შპს-ების გარდა ფუნქციონირებს ადგილობრივი ბიზნესმენის გრიგოლ ჰამბარცუმიანის კომპანია და ნავთობპროდუქტის დისტიბუტორ მსხვილი კომპანიები. ჰამბარცუმიანებმა საწვავის ბიზნესი, მკოიანების „მეეკზე“ ერთი წლით ადრე დაიწყეს მათ თავისი კომპანიებით „მაქსიმედით“ და „ოცნება-2014“-ით ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალური სამსახურებიდან და საჯარო სკოლებიდან ჯამში, 132 შესყიდვიდან 72 762 ლარი აქვთ მიღებული. მაგრამ მას შემდეგ , რაც მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა „ოცნება -2014“ შესყიდვებიდან გაქრა.

კვლევის გამოქვეყნებისთანავე TOK TV დეპუტატის პოზიციით დაინტერესდა, თუმცა მკოიანის პირად ნომერზე დარეკვისას მოპასუხე მძღოლად გაგვეცნო და გვითხრა რომ დეპუტატმა მანქანაც და ტელეფონიც მას დაუტოვა, თავად კი სოფელში წავიდა.

ენზელ მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. სხვადასხვა წლებში საკანონმდებლო ორგანოში ის ხან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა ხან კი ქართულ ოცნებას.

ავტორები:

მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი.

Leave a Reply