საქართველოს საპატრიარქომ, ტყიბულის და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცუცქიშვილის მღვდელმსახურების შეჩერების რეკომენდაციით, ამავე ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძეს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ საპატრიარქო ავრცელებს.
დეკანოზი სპირიდონი ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელმაც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. თუმცა როგორც საპატრიარქო აზუსტებს, სასჯელი არა დროშის დაწვის, არამედ – სასულიერო პირების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მიიღო.
ამავე წყაროს ცნობით, იგი მსგავსი ქმედების გამო არაერთგზის გაფრთხილებული იყო.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, სხვადასხვა შეფასებით პრორუსული და ანტიდასავლური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” წევრების და სასულიერო პირების ვიდეოები, სადაც ისინი ევროკავშირის დროშას საჯაროდ წვავენ. როგორც ვიდეოში ამბობენ, ამით სოლიდარობას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელმაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის გამო დააკავეს.
მათ შორისაა, დეკანოზი სპირიდონი და “კონსერვატიული მოძრაობის” ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, სიმონ ეღიაშვილი, რომელიც დროშის დაწვის გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მიუხედავად ამისა მან დროშა მეორედ ისევ დაწვა.