ევროკავშირის მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში მცირე და საშუალი ბიზნესები დაფინანსდა

October 21, 2024

მესხური ფურნე ახალციხის სოფელ ღრელში, სადაც შეგიძლიათ მესხური ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ, საკონდიტროები ახალციხეში, სადაც უგემრიელეს ტკბილეულთან ერთად შეხვდებით ტრადიციულ საკონდიტრო ნაწარმსაც, სხვადასხვა სახეობის პურის საცხობები, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრები მასაჟისთვის, თავის მოვლისა და ტატუს მოშორებისთვის – ეს იმ ბიზნესთა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ევროკავშირი ფინანსურად დაეხმარა, რათა თავიანთი წარმოება გაეფართოებინათ.

მათ შორისაა საკონდიტრო და პურის საცხობი საწარმო ეს ელ კომპანია. მისი დამფუძნებლის, ლალი სამსონიძის თქმით, ბიზნესი ათობით წელია აქვს, ხოლო საწარმო სადაც 150 -მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული ერთი წელია ააშენეს.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისგან 60 000 ევროიანი გრანტი მიიღო, რითაც წარმოება გააფართოვა და ახალი დანადგარები შეიძინა.

ევროკავშირის მიერ, ახალციხეში დაფინანსებული პროექტები, ჰექსეპერ ჯორჯიას ორგანიზებით , ქვემო ქართლში მცხოვრებმა ბიზნესის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ეს სწორედ ის ბიზნესებია, რომლებმაც ასევე ევროკავშირის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს.

მათ ახალციხეში ასევე მოინახულეს მესხურ ტრადიციულ საფუარზე დამზადებული ტრადიციული პურის საცხობი კალო, ნახევარფაბრიკატების და საკონდიტრო საწარმოები, პურის საცხობი და ესტეთიკ ცენტრები სადაც თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებია თავმოყრილი.

ოფიციალური მონაცემებით, პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო-ქართლში 33 მცირე და საშუალი ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე თანხა 2 600 ლარის ოდენობის იყო, ხოლო ყველაზე დიდი – 171 000 ლარისა. ქვემო ქართლში არსებული სხვადასხვა სახის ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, მნიშვნელოვანია მსგავსი სახის სტუმრობები, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ და სხვისი გამოცდილებები გაიზიარონ.