27 სექტემბერს ერთი წელი შესრულდება ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო მასშტაბური ესკალაციის დაწყებიდან, რომელიც 44 დღე გაგრძელდა და ოფიციალური მონაცემებით, ომში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგი მოუტანა: სომხეთი- 2974, აზერბაიჯანი-2996. სამხედრო კონფლიქტი 10 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომლის პუნქტებიც, შემდგომში არაერთგზის გამხდარა კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით სომხეთის მხრიდან, რადგანაც მათ უსამართლოდ მიიჩნევენ. ეს კი სამწუხაროდ, კონფლიქტის განახლების რისკებს შეიცავს.
ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო ესკალაციამ, რომელმაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მექანიზმების სისუსტეები გამოააშკარავა, და ომის შემდგომმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ, ცხადია, გავლენა იქონია ჩვენ ქვეყანაზეც.
2020 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური პროცესების პარალელურად გააქტიურებული იყო ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი არაერთი ხელსაწყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციით გაჯერებული საინფორმაციო ველიც.
ყალბი ინფორმაციის სამიზნე იყო ზოგადად საქართველო, უფრო კონკრეტულად კი ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები, რომლებიც ობიექტურ მიზეზთა გამო გეოპოლიტიკურთან ერთად ემოციურადაც იყვნენ დაკავშირებული ამ კონფლიქტთან. საუბარია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის და ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონებზე.
დეზინფორმაცია, თითქოსდა საქართველო ხელს უწყობდა ყარაბაღის კონფლიქტში კონკრეტულ მხარეს სამხედრო ტექნიკის გადაზიდვაში ან თითქოსდა მხარდაჭერის გამოსახატად თბილისში მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროში ფერებში განათდა, სხვა მსგავს შინაარსებთან ერთად ეთნიკური შუღლის და სიძულვილის გაღვივებას ისახავდა მიზნად. თუმცა ომის ფონზე გავრცელებული ყალბი ამბების პარალელურად საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების თუ ცალკეული პირების მიერ მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილები ვრცელდებოდა.
27 წლის ტიგრან ტარზიანი, ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. განათლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მიიღო. სტუდენტობის პერიოდშივე ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში. დღეს ნინოწმინდაში საკუთარი სამოქალაქო ორგანიზაციის მეშვეობით ხალხს დემოკრატიაზე მეტს და გასაგებად ესაუბრება.
ბევრი ფაქტორის გავლენით ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მას აქტიურად შეეხო. ესმოდა ყალბი ინფორმაცია, სიძულვილის ენა და ცდილობდა საკუთარი სამოქალაქო პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინა.
„ჩვენ ვართ საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები, რომლებიც სკოლაში უნივერსიტეტებში თუ ტრენინგზე ერთად ვიღებთ განათლებას, ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენი სახელმწიფო – საქართველო მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც სოლიდარობა და თანადგომა ეთნიკურ და რელიგიურ ჩარჩოებზე მაღლა დგას. მოვუწოდებთ ჩვენ თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე და სიყვარული ყველას მიმართ.“
ყარაბაღის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ რა განწყობებია რეგიონში? კითხვაზე მთიდან გვპასუხობს, ახალგაზრდა აქტივისტი პარალელურად სეზონურად ცხვარს აძოვებს. ინტერნეტ კავშირი სუსტია, პასუხი წერილობით მივიღეთ.
„ძალიან რთული კითხვაა. დღეის მდგომარეობით უფრო აქტიურად ადგილობრივი მოსახლეობა განიხილავს სომხეთის შიდა პოლიტიკური ვითარებას. განწყობებზე საუბრისას მინდა აღვნიშნო, რომ აქ უფრო დიდია ისტორიული მეხსიერების როლი, რასაც თავის მხრივ, მანიპულაციურად იყენებს სხვადსხვა მხარე დამაზიანებელი შინაარსის გავრცელებით, რაც დამატებითი გავლენას ახდენს განწყობებზე.
შემიძლია ვთქვა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა ნამდვილად კარგ ან უკეთეს დონეზეა, როგორც ყოველთვის. საქართველოს ყველა მოქალაქემ/ახალგაზრდამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და მათ ურთიერთთანამშრომლობაზე არანაირი დეზინფორმაცია არ უნდა ახდენდეს გავლენას.“
რაბილ აზად ისმაილი 24 წლისაა. ის ქვემო ქართლის რეგიონიდან, ბოლნისიდანაა. ტიგრანის მსგავსად უმაღლესი განათლება მანაც საქართველოში მიიღო. უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო აქტივისტია და სამშვიდობო, დემოკრატიული გზავნილების გავრცელებისთვის სხვადსხვა პლატფორმას იყენებს. ახლა აქტიურად არის ჩართული კამპანიაში „გვარი დამიბრუნე“, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული დაბოლოებისაგან გვარების გათავისუფლებას ემსახურება.
ის ამბობს, რომ რეგიონში კონფლიქტების 30 წლიანი ისტორია სეპარატიზმის გაღვივებას აძლიერებს მიზანმიმართული მანიპულაციურ შინაარსი.
„ძალიან რთული პერიოდი იყო, ყალბი ინფორმაცია მაინც ახდენდა გავლენას საზოგადოების განწყობებზე. შემცირებული და დაძაბული იყო კომუნიკაცია თემებს შორის. დეზინფორმაცია დღესაც ვრცელდება, ყარაბაღში კონფლიქტი ხომ რეალურად გრძელდება და კვლავ გვესმის ახალი ამბები ახალი მსხვერპლის შესახებ. თუმცა ერთი წლის თავზე, შეიძლება ვთქვათ, რომ რიგით მოქალაქეებში ურთიერთობა ომამდელი პერიოდის მსგავსად ჩვეულებრივად კარგია.
მგონია, რომ თემებს შორის ბუნებრივად არსებულ კეთილ მეგობრულ თანაცხოვრებას და თანამშრომლობას ხელშეწყობა და ერთობლივ ღონისძიებებში ჩართვა კიდევ უფრო გაძლიერდება. არსებობს მშვიდობის შენების წარმატებული პრაქტიკები მსოფლიოში და კარგი იქნება მათი დანერგვა საქართველოშიც.“
კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია, რომლის ნიშნები მკაფიოდ იკითხება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მით უფრო როდესაც ჰიბრიდული ომის ხელსაწყოები ეფექტიანდა არის გამოყენებული და დეზინფორმაციის გავრცელების შედეგები დათვლადია.
მზა და უნიკალური რეცეპტი, როგორ დაიძლიოს დეზინფორმაციის და შუღლის გაღვივების ხელსაწყოების გავლენა საზოგადოებაზე არ არსებობს. ყოველთვის გასათვალისწინებელია ისტორიული მეხსიერება, კონტექსტი, რეგიონული გამოწვევები, საფრთხის წყარო, საზოგადოების ჩვევები და სხვა. ჩვენ რეგიონში დეზინფორმაციის საკითხზე მომუშავე ექსპერტების თანახმად, მოქალაქეებში მედიწიგნიერების დონის ამაღლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის გევლენის შემცირების მისაღწევად. პროცესი კომპლექსურია და დარგის მცოდნეები ხშირად დაგვიანებულ პასუხზე და პროაქტიული ქმედებების სიმცირეზე მიუთითებენ.
თბილისი, 24 აგვისტო