მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტ ექიმს, 3-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ექიმს უკვე ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძის იმუნიზაციის შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში მეთვალყურეობა გაეწია, თუმცა ბაქრაძეს ცუდად გახდომის შემდეგ ექიმმა შესაბამისი დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.
განცხადების მიხედვით, ექთნის გარდაცვალების მიზეზი, ანაფილაქსიური შოკია. ექიმის ბრალი სსკ-ს 130-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რომელიც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პროკურატურას განცხადებას არ ეთანხმება, ბრალდებულის ადვოკატი და ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში ხვალ არის დაბარებული და მანამ დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
“ჯანდაცვის სისტემის დანაშაულია, რადგან აცრის პროცესი მიმდინარეობდა და თავისი ნებით ხომ ვერ დატოვებდა კლინიკას,” – გვეუბნება, მეგი ბაქრაძის მეუღლე. მისივე თქმით, პასუხისმგებელია ყველა ის პირი, ვინც ფორმა 100-ზე ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია სამხარაულის ბიუროს დასკვნის შედეგებიც, რომელიც ამ დრომდე არც გარდაცვლილის ოჯახს და არც ადვოკატებს გადასცემიათ.
აქვე გეტყვით, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა და მეორე დღეს თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.